მოდით ვთქვათ, ვინ არის დღეს ოპოზიცია – სამწუხაროდ, ერთადერთი დესტრუქციული რადიკალური ძალა „ნაციონალური მოძრაობის” სახით, მისი ბელადის, სააკაშვილის მეთაურობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების” ჭიათურის მერობის კანდიდატის, გივი მოდებაძის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოპონენტები მოსახლეობას ვერავითარ კონკრეტულ ხედვას თუ პრობლემების გადაჭრის გზებს ვერ სთავაზობენ.
„ვინმეს უნახავს რაიმე ან გამოსავლის გზები მათი მხრიდან შემოთავაზებული, ან რაიმე კონკრეტული გეგმა, ხედვა, პროგრამა? ნული, არავითარი. მათი მხრიდან 8 წლის განმავლობაში მხოლოდ ისმის ძალადობა, ზიზღი, შუღლი, ერთმანეთთან დაპირისპირება და ცილისწამების მთელი ეს პროპაგანდა, რომელიც უწყვეტად მოედინება მათი ბაგეებიდან და მათი ტელევიზიებიდან. სწორედ მათი მეთოდური მუშაობით, ეს ცნობილი მეთოდია, სხვათა შორის ფაშისტები იყენებდნენ, უწყვეტი პროპაგანდის მეშვეობით, შეუძლიათ, ჯოჯოხეთი ადამიანს მოაჩვენონ სამოთხედ და პირიქით. 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ჩვენ მართლაც ჯოჯოხეთში ვცხოვრობდით. აქ არ არსებობდა არც თავისუფლება, არც ღირსება, არაფერი საერთოდ, ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანების ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები. ყველას კარგად გვახსოვს, როგორი სასამართლო იყო, დღეს რომ გამოდიან და ბედავენ, რომ სასამართლოზე გველაპარაკებიან. ვინ გველაპარაკება ამას, ადეიშვილის და სააკაშვილის, ახალაიას, მერაბიშვილის, გიგა ბოკერიას და გიგი უგულავას, კეზერაშვილის პარტია, ამ თაღლითი მძარცველების და მჩაგვრელი ადამიანების პარტია. გველაპარაკებიან სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, პროკურატურის გამჭვირვალობაზე, პოლიციაზე, ჯარზე და ა.შ. მათ არ აქვთ არავითარი მორალური უფლება, ჩვენი ხელისუფლება გააკრიტიკონ. მათი ერთადერთი გამოსავალია, დატოვონ პოლიტიკა, რომ ქვეყანა დაწყნარდეს, ხალხი დამშვიდდეს და ის ქაოსი და ისტერია, რაც შექმნილია მათი ტელევიზიების მეშვეობით, უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. უნდა დამთავრდეს პოლარიზება, ადამიანების დაპირისპირება, ხელოვნური, გამოგონილი ბინძური ბრალდებებით და ცილისწამებებით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს, ქვეყნის და ხალხის გამოწვევაა, რადგან ხალხს სჭირდება შინაგანი სიმშვიდე, სტაბილურობა თავისუფლება და ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც მთავრობა უქმნის.
„დასაქმებაა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. რაზე ვსაუბრობთ საერთოდ, 24 საათის განმავლობაში მათ ტელევიზიებსა და მათ რიგებში მიმდინარეობს საუბარი მხოლოდ და მხოლოდ ცილისწამებაზე, შეურაცხყოფაზე, უამრავ ბრალდებაზე. არავითარი დისკურსი, არავითარი საუბარი არ მიმდინარეობს ჩვენი მოსახლეობის რეალურ პრობლემებზე – გაჭირვებაზე, უმუშევრობაზე, დასაქმებაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ეკონომიკის აღორძინებაზე. რატომ? იმიტომ, რომ მათი დღის წესრიგი აბსოლუტურად სხვა თემებით არის გაჯერებული. მათი ერთადერთი მიზანია ხელისუფლებაში დაბრუნება ძალადობრივი გზით, რადგან იციან, რომ 7 არჩევნებში სასტიკად დამარცხდნენ და მე-8 არჩევნებშიც სასტიკად დამარცხდებიან. რა თქმა უნდა, ხანდახან ადამიანს გიჩნდება სურვილი და ნატვრა გაქვს, ოცნებაც გაქვს, რომ ღირსეული კონკურენტი, ღირსეული მოწინააღმდეგე გყავდეს. ასეთ ადამიანებთან ასეთი დაპირისპირებაც უკვე მომაბეზრებელია ჩვენთვის ყველასთვის და მით უმეტეს, ხალხისთვის. წარმოგიდგენიათ, რამდენად აუტანელია მათი დემაგოგიის მოსმენა ყოველდღიურად, რაც ხდება მათ ტელევიზიებში. ყოველდღიურად, დილიდან დაწყებული გვიან ღამემდე, მიმდინარეობს მიზანმიმართული პროპაგანდა, რომ მოსახლეობა დაძაბონ, ხალხი მუდმივ სტრესში ამყოფონ და ეს განწყობა და შფოთვა მუდმივად სუფევდეს ჩვენს საზოგადოებაში, რომ არ განვითარდეს არაფერი, რომ მოსახლეობამ ვერ დაგეგმოს ხვალინდელი დღე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.