საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, „არმიჰოლში“ 2008 წლის აგვისტოს ომში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა. გმირების შვილებს დამდეგი ახალი წელი თავდაცვის მინისტრმა მიულოცა. ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გმირების შვილებს სადღესასწაულო განწყობა ქართული ესტრადის მომღერლებმა – ლაშა ღლონტმა, ანრი ჯოხაძემ, ნოდიკო ტატიშვილმა, სალომე ბაკურაძემ, დათუნა სირბილაძემ, ოთო ნემსაძემ, ანდრია გველესიანმა და ანი კეკუამ შეუქმნეს. საახალწლო კონცერტზე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა მაყურებლისთვის საახალწლო კომპოზიციები შეასრულა.