საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დასავლეთ ევროპის ყველაზე მასშტაბურ კიბერსწავლებას შეუერთდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დასავლეთ ევროპის ყველაზე მასშტაბურ კიბერსწავლებას შეუერთდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს გუნდი პირველად მიიღებს მონაწილეობას დიდი ბრიტანეთის არმიის მიერ ორგანიზებულ კიბერსწავლებაში Defence Cyber Marverl 2. სწავლება რეალურ დროში კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და საინფორმაციო სისტემებზე კიბერშეტევების სიმულირებას ითვალისწინებს და მონაწილე გუნდების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად.

თებერვალში დაგეგმილი სწავლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბრიტანულ მხარეს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერშესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება.

კიბერუსაფრთხოების ბიურო, პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხელს უწყობს თავდაცვის სფეროში კიბერუსაფრთხოების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებასა და ამ კუთხით ნატოსა და ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობას. ბიუროს მონაწილეობა ტექნიკური პერსონალის შესაძლებლობების ზრდაზე ორიენტირებულ ღონისძიებებში მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Back to top button