გასულ წელს ექსპორტის მოცულობა 31,8 პროცენტით გაიზარდა

2022 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5 592.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 31.8 პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.

საქსტატის ინფორმაციით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 66.2 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 18.4 პროცენტით გაიზარდა და 3 704.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2022 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.1 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (694.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (536.1 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (419.9 მლნ. აშშ დოლარი).

საანალიზო პერიოდში,  ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 1 024.3 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 453.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 281.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.6 პროცენტი).

Back to top button