ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობაზე”: მათი ამოცანაა, მოახდინონ ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტის დისკრედიტაცია – ჯარის, პოლიციის, სასამართლოსი, ამიტომაც ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, იგონებენ ათას პროვოკაციას, ამიტომ დგანან ლგბტ მარშის კამპანიის უკან

ჩვენ კარგად ვნახეთ ის ბინძური კამპანია და ცილისმწამებლური კამპანიები ეკლესიის წინააღმდეგ და რატომ – ვკითხულობთ, რატომ ებრძვიან ეკლესიას, რატომ ებრძვიან პატრიარქს. მათ ეს კარგად აქვთ გააზრებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების” ტყიბულის მერობის კანდიდატის, დავით ჩერქეზიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მათი ხელწერაა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა.

„აი გვარამიას, რომელიც არის ახლა თვითგამოცხადებული მედიამენეჯერი. ამ დროს ვიცით, რომ ერთ-ერთ მთავარი ბოროტმოქმედი არის ამ მაფიოზურ დაჯგუფებაში. ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ამ სიბინძურის კამპანიის და მუდმივი შფოთვის კამპანიის შემომტანი ჩვენს საზოგადოებაში. კაცი, რომელიც იყო განათლების მინისტრი, შეადარეთ ახლა ჩვენს მთავრობაში ბატონ მიხეილ ჩხენკელს, მეცნიერ კაცს – ეს სხვაობაა მეგობრებო და ამ სხვაობას, მე მჯერა, ხედავს ჩვენი ხალხი და შესაბამის დასკვნას და ვერდიქტს გამოიტანს 2 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ მე-8 არჩევნებში, როცა ძლიერად და ღირსეულად გავიმარჯვებთ”, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მათი პოლიტიკა მხოლოდ ემოციებს არ ეფუძნება.

„ეს არის კარგად გააზრებული მზაკვრული შეთქმულება საქართველოს და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. პირველი ამოცანა არის ის, რომ არც ერთი ავტორიტეტი არ დატოვონ ქვეყანაში. მოახდინონ დისკრედიტაცია ყველა ავტორიტეტის, ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტის – ჯარის, პოლიციის, სასამართლოსი. ამიტომაც ებრძვიან ეკლესიას, ამიტომაც ებრძვიან პატრიარქს, ამიტომ იგონებენ ათას პროვოკაციას, ამიტომ დგანან ისინი ლგბტ მარშის კამპანიის უკან და მათი ორგანიზებით ხდებოდა ის მძიმე პროვოკაცია, რომელიც თავიდან ავიცილეთ ჩვენ. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო იყო ის, რაც მოხდა და ჩვენ დავგმეთ ყველამ, არ შეიძლებოდა ჟურნალისტებზე თავდასხმა და ეს კატასტროფული შეცდომა იყო. თუმცა, რაც მთავარია, ყველა მოძალადე იქნა დასჯილი და დაპატიმრებული. ჩვენ ხომ კარგად ვიცით მეგობრებო, ვისგან მომდინარეობდა ეს უმძიმესი პროვოკაცია, ეს შეთქმულება ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ყველაფერი ნათელია, ყველაფერი სახეზეა და ერთადერთი, ჩვენ გვჭირდება მშვიდად, წყნარად და მტკიცედ მივიდეთ არჩევნებზე, დავაფიქსიროთ ჩვენი ღირსეული არჩევანი და გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მართვა”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მომდევნო 3 წელი ქვეყანაში აღარ იქნება არჩევნები.

„2024 წლამდე არ გაიმართება არჩევნები, ეს იქნება პერიოდი, 3-წლიანი გამონაკლისი პერიოდი, ვინაიდან მანამდე თუ გადახედავთ, 8 წლის განმავლობაში 7 არჩევნები ჩავატარეთ და ყოველ წელს მოსახლეობა დავღალეთ ამდენი არჩევნებით და ამდენი მართლაც დამღლელი საარჩვენო კამპანიით. ამიტომ ხალხს სჭირდება განვითარებაზე საუბარი, პროგრამებზე, დახმარებებზე, იმ პროექტებზე, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ და ჩვენ განვახორციელებთ ერთად. მაქსიმალურად უნდა მოვიცვათ მთელი ქვეყნის მოსახლეობა. ამიტომაც, მომდევნო 3 წელი უნდა იყოს მხოლოდ განვითარების, მშენებლობის და აღმშენებლობის წლები. მე მჯერა ჩვენი გამარჯვების, მე მჯერა ჩვენი უკეთესი ხვალინდელი დღის”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Back to top button