ნიკა გვარამია არის ჩვეულებრივი დამნაშავე, იყო პროკურორის მოადგილე და მისი ერთ-ერთი მთავარი დამსახურებაა მთელი ის სისასტიკე და დანაშაულები, რაც ხდებოდა სააკაშვილის დროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ტყიბულში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ის წინა ხელისუფლების განუყოფელი ნაწილია.
„იგი არის განუყოფელი ნაწილი სააკაშვილის მჩაგვრელი, ანტიეროვნული მოძალადე რეჟიმის ერთ-ერთი გამორჩეული სახე არის და გარყვნილების პროპაგანდისტი. შესაბამისად, გვარამია ვერასოდეს აირიდებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც პირადად მას ეკისრება, რადგან იგი იყო პროკურორის მოადგილე, დღეს არის თვითგამოცხადებული მედიამენეჯერი და განათლების მინისტრი. ამ კონტექსტში შევადარე ბატონ მიხეილ ჩხენკელს. ძალიან მარტივია, რომ სააკაშვილი, გვარამია, მელია, ყველა ის კრიმინალი, რომელიც დღემდე ძალადობენ ჩვენს მოსახლეობაზე, ვერასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში”, – განაცხადა პრემიერმა.