იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტყიბულში, „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის დავით ჩერქეზიშვილის წარდგენაზე იმ მნიშვნელოვან ფაქტებზე ისაუბრა, რომელიც „ქართულ ოცნებას” სხვა პოლიტიკური ძალებისგან” განასხვავებს.
რატი ბრეგაძემ კიდევ ერთხელ გაიხსენა 2012 წლამდე მმართველობის პერიოდი და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება” სწორედ ის ძალაა, რომელმაც საქართველო ევროპასთან დაახლოვა.
“მე დაგისვამთ შეკითხვას, როგორ შეიძლება განვითარდეს ტყიბული მაგალითად იმ ძალის ხელში, რომელმაც შექმნა მოდელირებული ქრონიკა, რეალ ტვ, რომელიც ამტვრევდა სატელევიზიო თეფშებს იმისთვის, რომ თავისუფალი სიტყვა ვერ გაეგო ვერავის, არა თუ მთელ მსოფლიოს, თუ რა ხდებოდა საქართველოში არამედ ჩენც კი არ შეგვძლებოდა ერთმანეთისთვის ინფორმაცია მიგვეწოდებინა. როგორ შეძლებს ის ძალა რამის განვითარებას, რომელიც ორიენტირებული იყო საკუთარი ბელადის კეთილდღეობაზე, რომლის ოჯახის წევრებიც იღებდნენ უნივერსიტეტებს სიმბოლურ ფასად და რომლებმაც საზოგადოებას წაართვეს საზოგადოებრივი საკუთრება იპოდრომი.
მე გეტყვით, ამ ყველაფერს შეძლებს ის ძალა, რომელმაც მოუტანა საქართველოს თავისუფლება, რომელმაც ისე დაახლოვა ქვეყანა ევროპას, როგორც ეს არასოდეს ყოფილა. ამ ყველაფერს მოიტანს ის ძალა, რომლის დამფუძნებელმაც მილიარდზე მეტი ინვესტიცია განახორციელა უნივერსიტეტში და ის უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს, ამ ყველაფერს შეძლებს ის ძალა, რომლის დამფუძნებელმა ასევე თბილისს დაუბრუნა იპოდრომი და იქ შენდება პარკი რომლითაც არა თბილისი, არამედ მთელი საქართველო იამაყებს, ამ ყველაფერს შეძლებს ის ძალა, რომლის მთავრობასაც სათავეში უდგას ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც, მხოლოდ თავდაცვის სამინისტროზე რომ ვისაუბროთ მართლაც შეუძლებელი შეძლო და ზუსტად ერთი წლის თავზე, როდესაც დაპირდა სამხედროებს, რომ აშენდებოდა სამხედრო ქალაქი, სულ რამდენიმე დღის წინ ხუთასამდე სამხედრო მოსამსახურეს უკვე გადაეცა ბინები. ეს არის ადამიანი, რომელიც დაპირდა საქართველოს მოქალაქეებს, რომ აღდგებოდა საავიაციო პარკი და ზუსტად ერთი წლის თავზე დამოუკიდებლობის დღეს, სიმბოლურად, სამხედრო თვითმფრინავებმა გადაუფრინეს თავისუფლების მოედანს” – განაცხადა რატი ბრეგაძემ.