როცა ჩვენ ვსაუბრობთ გაკეთებულ საქმეებზე, არ გვავიწყდება, როგორი გამოწვევები იყო თუნდაც ადამიანის უფლებების მიმართულებით საქართველოში; უნდა აღინიშნოს ორი სიტყვით, თუ რა მდგომარეობა იყო მაშინ ციხეებში, როგორ ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის ღირსება, თავისუფლება და ის ფუნდამენტური თავისუფლებები, რომელიც ღვთისგან არის ბოძებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების” ხონის მერობის კანდიდატის, ლადო ჯურხაძის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არც თუ ისე შორეულ წარსულში იყო, სულ რაღაც 8-9 წლის წინ, ეს მდგომარეობა იყო საქართველოში.
„ამიტომ, როდესაც ჩვენი ოპონენტები გვაკრიტიკებენ, მინდა მათ შევახსენო, მათ არ აქვთ არანაირი მორალური უფლება, რომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკონ, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ ადამიანის ღირსებაზე და თავისუფლებაზე, ადამიანის დაცვაზე. რამდენიმე დღის წინ რატი ბრეგაძემ გაიხსენა, რომ ციხეებში გაუსაძლისი მდგომარეობა იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს კარგად ვიცით, ეს მთელმა მსოფლიომ ნახა. ციხის საკანში, 20 კვადრატულ მეტრზე, 30-ზე მეტი პატიმარი იყო გამომწყვდეული. ასეთ არაადამიანურ პირობებს ემატებოდა მათი ყოველდღიური ცემა, ჩაგვრა, წამება, გაუპატიურება და ათასი უბედურება, რომელიც ხდებოდა საპატიმროებში. დღეს რადიკალურად არის შეცვლილი ვითარება. ცნობილ გლდანის ციხეში, რომელიც სავსე იყო ჯალათებით და ხდებოდა ადამიანების წამება და გაუპატიურება, დღეს პატიმრებს მოჰყავთ ჟოლო, ციხის ტერიტორიაზე, მცირე მეწარმეობა მოვაწყობინეთ, დავეხმარეთ და ასე ვუწყობთ ხელს მათ რესოციალიზაციას. ეს არის ჩვენი ხელწერა, ამით განსხვავდება „ქართული ოცნება” „ნაცმოძრაობისგან” და სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმისგან. ამიტომაც, ჩვენ ყველამ მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება” ძლიერად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.