ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა შერაზ გასრის ელჩის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
მან ფრანგულ მხარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, გაწეული პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება და უფრო მრავალმხრივი გახდება. ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების, ტრანსფორმაციის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების, საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერების პროცესში საფრანგეთის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თანამედროვე გამოწვევებისა და ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ფონზე, საქართველოსთვის საფრანგეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაძლიერება მეტად მნიშვნელოვანია.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. აღინიშნა „დიმიტრი ამილახვარის სტრატეგიული დიალოგის“ მნიშვნელობაც. საუბარი შეეხო ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) ერთობლივ მონაწილეობასა და საქართველოს კონტრიბუციას საერთაშორისო მისიებში.
შერაზ გასრი, რომელმაც საქართველოში ელჩის თანამდებობაზე დიეგო კოლასი შეცვალა, 2017 წლიდან გაეროში, საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენლობაში, პოლიტიკური მრჩეველის თანამდებობას იკავებდა; 2015-2017 წლებში ფრანგი დიპლომატი სოციალურ საქმეთა და ჯანმრთელობის სამინისტროში დიპლომატიური მრჩევლის პოსტზე მუშაობდა.