თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელ ცენტრში პირად მცველთა საწყისი პროფესიული მომზადების კურსი დაასრულეს. რეინჯერის, კომანდოსა და სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებიდან შერჩეულმა წარმომადგენლებმა პირადი დაცვის ამოცანების შესასრულებლად ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება გაიარეს.
კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონიალი საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დასაცავ ობიექტთან ერთად ქვეითად გადაადგილების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის, ავტომობილიდან სროლის, ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენისა და პირველადი დახმარების გაწევის დავალებები შეასრულეს.
საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა სამხედროებს სიტყვით მიმართა, კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა. აღნიშნული კურსი სპეციალური ოპერაციების ძალების ორგანიზებით მესამედ ჩატარდა და მომავალშიც გაგრძელდება.