თავდაცვის ძალების საკონტრაქტო სამსახურში მიღება გრძელდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს იწვევს.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საკონტრაქტო სამსახურის გავლის მსურველმა მოქალაქემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია, სამედიცინო შემოწმება და საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ორთვიანი კურსი.

უწყების ცნობით, BCT კურსის განმავლობაში ანაზღაურება თვეში 500 ლარს შეადგენს და საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხვის დღიდან, მოქალაქეები კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), განთავსებით, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი გარანტიებით უზრუნველყოფილნი არიან.

„სამსახურში გადანაწილების დროს, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ტერიტორიული პრინციპი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 4-წლიან საკონტრაქტო სამსახურში, ასევე, სხვადასხვა სპეციალობაზე დასანიშნად, 18-დან 45 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს იწვევს. მათ შორის, მძღოლებს, ლოჯისტიკის სპეციალისტებს, კავშირგაბმულობის სპეციალისტებს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, საინჟინრო და ქიმიის მიმართულების სპეციალისტებს, ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სფეროს წარმომადგენლებს. აღნიშნულ სპეციალობებზე დასანიშნი პირები საწყისი საბრძოლო მომზადების მოკლე კურსს გაივლიან და სამხედრო კარიერას ქვედანაყოფებში სპეციალობების მიხედვით გააგრძელებენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე შეღავათებითა და პრივილეგიებით ისარგებლებს, როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნეს სექტორში.

„რიგითის საწყისი ხელფასი 1530 ლარია. ანაზღაურება იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით. ერთჯერადი დანამატი პირველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ 5 000 ლარი (ხელზე ასაღები), ხოლო მომდევნო კონტრაქტების დასრულების შემდეგ (ხელზე ასაღები): 2-წლიანი კონტრაქტისას 3 000 ლარი, 4-წლიანი კონტრაქტისას 8 000 ლარი. საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე შეღავათებითა და პრივილეგიებით ისარგებლებს, როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნეს სექტორში. თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებისთვის (მეუღლე, შვილი) სთავაზობს სწავლის თანადაფინანსებას საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში. ასევე, აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლისას, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მინისტრის სტიპენდიას სემესტრულად 750 ლარის ოდენობით (გადასახადებისა და საპენსიო შენატანის გარეშე). აღსანიშნავია, რომ სამხედრო მოსამსახურეს, როგორც სერჟანტთა, ასევე, ოფიცერთა შემადგენლობაში პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა ექნება. უწყება მათ სთავაზობს უცხო ენების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, თურქული და რუსული) შესწავლას და საკარიერო კურსებში მონაწილეობას საზღვარგარეთ (ევროპაში, კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში).

საკონტრაქტო სამსახურის დაწყების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაეუფლონ დამატებით პროფესიას – ელექტრიკოსი, ელექტრორკალური შემდუღებელი, მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი, სავალი ნაწილის ტექნიკოსი, ძრავის სპეციალისტი, ავტომობილის შემკეთებელი (ელექტროტექნიკოსი), დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი, როგორც თავდაცვის ძალებში არსებულ სასწავლებლებში, ასევე თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით სამოქალაქო კოლეჯებსა და პროფესიული მომზადების ცენტრებში.

რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ – mod.gov.ge/onlinebct.mod.gov.ge

ასევე, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Back to top button