საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“ თავდაცვის კოდექსით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, თავდაცვის კოდექსი დაარეგულირებს ყველა იმ სამართლებრივ ნორმასა და აქტს, რაც აქამდე არეგულირებდა აღნიშნულ სფეროს. „დღეს ოპონირება მიმდინარეობს და საზოგადოებას უნდათ დაანახვონ ჩვენი ახალი კოდექსი, როგორც ტოტალური გაწვევა, ეს ასე არ არის. პირიქით, ეს აღმოფხვრის ხარვეზებს და დაარეგულირებს ყველა იმ საკითხს, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და შევქმნათ თავდაცვისუნარიანი რეზერვი, უფრო მდგრადი თავდაცვისუნარიანობა“, – აღნიშნა მინისტრმა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ცვლილებებით გამოსწორდება არსებული ხარვეზები: „შენიშვნა, რომ ჩვენ თითქოს ვცდილობთ საზოგადოების ნაწილს ექსპლუატაცია გავუწიოთ, დღეს უფრო რელევანტური იქნებოდა. პირიქით ჩვენ ვაპირებთ, რომ გამოვასწოროთ ეს საკითხი და ყველა სამხედრო მოსამსახურემ სავალდებულო ჯარი მოიხადოს თავდაცვის სამინისტროში“.
მინისტრის განცხადებით, ეს ემსახურება მთავარ მიზანს, რომ შეიქმნას ქვეყნისთვის რეზერვი, რომელიც გამოდგება ზუსტად ამ ამოცანისთვის.