„ყველაზე დიდი ნაწილი დღეს სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავს არიდებს სწორედ ამ ეგრეთ წოდებული რელიგიური თვალსაზრისით. ამის საშუალებას ჩვენ აღარ დავტოვებთ, ბუნებრივია და სწორედ ეს იწვევს ამ მღელვარებას,“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში თავდაცვის კოდექსზე საუბრისას. მისი განცხადებით, აბსოლუტურად არანაირი დისკრიმინაციული ელემენტი არ არის სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან დაკავშირებით და ეს არის ერთ-ერთი სპეკულირების საგანი.
„ჩვენ საკმაოდ დიდი ჯგუფის შემადგენლობაში, საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ აღნიშნული კანონპროექტის შემუშავებას, ინიცირებას და ფაქტობრივად, საპარლამენტო განხილვები დავიწყეთ და არცერთი რელევანტური შენიშვნა და კითხვა იქ არ ყოფილა.
ესეც ერთ-ერთი სპეკულირების საგანია, რომ ვთქვათ, იქნება რაღაც განსხვავებული რეჟიმი. არანაირი განსხვავებული რეჟიმი არ იქნება. პირიქით, ის ხარვეზი, რაც იყო თავის დროზე დაშვებული, ჩვენ არ შევედით კონკრეტულ შემთხვევაში შინაარსში, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ამის პრიმატი და ჩვენ დავუშვით ის ხარვეზი, რაც მოხდა აქამდე“, – განაცხადა მინისტრმა.