“საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების ოჯახებზე ზრუნვა და მხარდაჭერა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია”,- ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების სოციალური მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა 4 დღის განმავლობაში დაბა ბაკურიანში დაისვენეს.
“სამთო-სათხილამურო კლუბი „იქსტრიმის“ დახმარებით, 14-17 წლის ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებმა სპორტული, გასართობი, კულტურული და შემეცნებითი აქტივობები განახორციელეს. პროექტის დასასრულს, სამხედრო მოსამსახურეების შვილები სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა კარლო ლაბაძემ მოინახულა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.