თავდაცვის სამინისტროში ფრენბურთის ტურნირი დასრულდა. ფინალურ თამაშს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ქართველიშვილი დაესწრნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფინალურ შეხვედრაში მე-4 ქვეითი ბრიგადისა და მე-5 საარტილერიო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები დაუპირისპირდნენ.
“გამარჯვება მე-4 ქვეითი ბრიგადის გუნდმა მოიპოვა, მე-5 საარტილერიო ბრიგადის გუნდი კი, მეორე ადგილს დასჯერდა. მესამე ადგილზე პირველი ქვეითი ბრიგადა გავიდა. გამარჯვებულ გუნდს თასი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გადასცა. სამივე ადგილზე გასული გუნდების წევრები კი, მედლებით დაჯილდოვდნენ. ასევე, ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებად პირველი კლასის რიგითი გიორგი შიოშვილი და სერჟანტი მარიკა გერლიანი დასახელდნენ.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის ტურნირი ფრენბურთში ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეჯიბრებაში თავდაცვის ძალებისა და სამოქალაქო ოფისის ცხრა გუნდი მონაწილეობდა. სამხედროებს შორის გამართული სპორტული აქტივობები ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ამ კუთხით უწყებაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები ყოველწლიურად ტარდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.