ბოლნისში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლაში, პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამა საჩვენებელი ელემენტებით დასრულდა. სასწავლო პროგრამა თავდაცვის ძალების საჯარისო დაზვერვის სკოლის ოცეულის მეთაურის კურსდამთავრებულებმა გაიარეს. საპარაშუტო მომზადების კურსი სამკვიანსწავლებას მოიცავდა, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ეტაპებისაგან შედგებოდა. მსმენელებმა მიწისზედა მომზადების, საფრენ აპარატში მოქმედებების, განსაკუთრებული შემთხვევების დროს პარაშუტებით ხტომისა და ჰაერში მოქმედების წესები შეისწავლეს. მონაწილეებს თეორიული და პრაქტიკული ტესტები ჩაუტარდათ, რომლის დროსაც მათ შეასრულეს ხტომები პარაშუტით, პარაშუტით და ტვირთით, ბოლოს კი – პარაშუტით, ტვირთითა და იარაღით.
საჯარისო დაზვერვის სკოლის ოცეულის მეთაურის კურსდამთავრებულებს პროგრამის დასრულება სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა. მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლა პირადი შემადგენლობისთვის ექვსი სახეობის საპარაშუტო კურსს ატარებს. სკოლა მუდმივად თანამშრომლობს ნატოს წევრი ქვეყნების ანალოგიურ დაწესებულებებთან, მათ შორის აშშ-ის, თურქეთის, პოლონეთის, რუმინეთისა და ესტონეთის საპარაშუტო მომზადების სკოლებთან.