ლელა ჩიქოვანი ბალტიის ქვეყნების ელჩებს შეხვდა

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოში ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლელა ჩიქოვანმა ედიტე მედნეს, ანდრიუს კალინდრასა და რიინა კალიურანდს საქართველოს მრავალწლიანი, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება საქართველოსა და ბალტიის ქვეყნებს შორის ურთიერთნდობასა და მხარდაჭერაზე დამყარებულ, განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ თავდაცვის სფეროში ინტენსიური თანამშრომლობა, რომელიც მრავალ წელს ითვლის, მომავალშიც გაგრძელდება. შეხვედრაზე სამ სტრარეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყანასთან თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით არსებული მრავალფეროვანი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.

საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის

წვლილსაც, გაწეულ პრაქტიკულ მხარდაჭერასა და ექსპერტების ჩართულობას.

მხარეებმა რეგიონული და მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებზე, არსებულ რთულ გარემოსა და მზარდ საფრთხეებზეც იმსჯელეს.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა დიპლომატებს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია და 2020-2030 წლების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული, საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და გაძლიერების მიზნით, გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო.

Back to top button