საქართველოს პარლამენტის ამერიკის შეერთებული შტატების პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები საქართველოში ვიზით მყოფ აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდნენ.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გაღრმავებაზე, ამერიკის კონგრესში საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერებაზე და ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის წლევანდელ რედაქციაზე, სადაც საქართველოს ცალკე ქვეთავი ეთმობა.
„სტუმრები დაინტერესდნენ სამომავლო თანამშრომლობით, იმისთვის, რომ ამერიკის კონგრესში რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბდეს და საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდეს”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა.
მისი თქმით, ვაშინგტონში ვიზიტების დროს ქართული მხარე ეცდება, რომ ამერიკასთან ურთიერთობაში უფრო მეტს მიაღწიოს.
გიორგი ხელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ჯორჯიის შტატის კონგრესმენის, ოსტინ სკოტის რედაქციით გამოქვეყნდა ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის წლევანდელი რედაქცია, რომელშიც განსაკუთრებული ცალკე ქვეთავი საქართველოს ეთმობა.
„დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა, მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებაში, რეგიონული მშვიდობის, შავი ზღვის უსაფრთხოების და დემოკრატიული გამძლეობის თვალსაზრისით”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
კონგრესმენმა, ალექს მუნმა კონგრესის ასიგნებების კომიტეტის მიერ მიღებული შესწორებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„კმაყოფილი დავრჩი, როცა ვნახე, რომ დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, კერძოდ, ასიგნებების კომიტეტმა, მიიღო შესწორება, რომელშიც საუბარია საქართველოს მხარდაჭერაზე, მსგავსად „საქართველოს მხარდამჭერი აქტისა”, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ, რათა საქართველოს მხარი დავუჭიროთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და ასევე, მხარი დავუჭიროთ კარგ საერთაშორისო ურთიერთობებს. კერძოდ კი, გავაგრძელოთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ძალისხმევის და მეტი თავისუფალი ვაჭრობის მხარდაჭერა.
ელჩთან ვისაუბრეთ ფინანსური კორპორაციის განვითარებისა და მისი ოფისის გახსნის შესაძლებლობის შესახებ, რათა აშშ-დან მეტი ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობა და ეკონომიკური განვითარება წახალისდეს”, – განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა.
მისი თქმით, ამერიკული მხარისთვის ცნობილია, რომ საქართველო ნაბიჯებს დგამს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით და მუშაობს ევროპელ პარტნიორებთან.
„რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს – ჩვენ გვჭირდება მეგობრები მსოფლიოს ამ ნაწილში. საქართველო შესანიშნავი პარტნიორი იყო სამხედრო ოპერაციებში. ვიზიარებთ საქართველოს შეშფოთებას და წუხილს. დედაჩემი კუბელია და კომუნისტებმა მათი ქვეყანა დაიპყრეს, ჩვენ ვიცით, რომ ახლა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულია და ამის გამო ძალიან შეშფოთებული ვართ”, – აღნიშნა კონგრესმენმა, ალექს მუნმა.
ამერიკელმა სტუმარმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მალე, კიდევ ერთხელ ეწვევა.
„საქართველოში ჩემს ორ კოლეგასთან ერთად ვიმყოფები, რათა შევხვდე ჩვენს მეგობრებს. თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ეს ჩემი მეორე ვიზიტია საქართველოში, პირველად ორი წლის წინ, ადამ კინზინგერთან ერთად ვეწვიე თქვენს ქვეყანას და იმედი მაქვს, რომ მალე დავბრუნდები. ჩვენ ვართ აშშ-საქართველოს ასოციაციის სტუმრები, რომელიც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის კარგ ურთიერთობებს”, – განაცხადა ალექს მუნმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებმა პლენარულ სხდომათა დარბაზი და პარლამენტის სასახლეში განთავსებული საქართველოს თავდაცვის ძალების მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩამოგდებული სტრატეგიული ბომბდამშენი ფრთის ნაწილი დაათვალიერეს.
აშშ-ის კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები მაკა ბოჭორიშვილი, ირაკლი ბერაია, გიორგი ხელაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი.