“დიდი გამოხმაურება მოჰყვა კელი დეგნანის ხილვას თბილისის ერთ-ერთი უბნის მაცხოვრებელთა საყოფაცხოვრებო დავის განხილვაში. საინტერესოა აშშ-ს ელჩი საქართველოში მართლა თავისი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება თუ ამ შემთხვევაში, მხოლოდ ქართველი ბიზნესმენის ამერიკელი მეუღლის პირად ინტერესებს ლობირებს და ასაღებს ამერიკის ინტერესებად”- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, ამ ერთი კონკრეტული მაგალითით დასტურდება, რომ კორუფციისა და ნეპოტიზმის არსებობა არც წყობაზე, არც გეოგრაფიაზე და არც ისტორიაზეა დამოკიდებული, ის სოციალიზმის, ფეოდალიზმის, მონათმფლობელობისა და დემოკრატიულ დასავლურ ცივილიზაციაშიც ცოცხალია.
“დიპლომატიის მწვერვალებიდან გარაჟამდე სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის ხილვას თბილისის ერთ-ერთი უბნის მაცხოვრებელთა საყოფაცხოვრებო დავის განხილვაში. ჩემი თაობის ადამიანების დიდ ნაწილს ამან დაახლოებით 45 წლის წინათ გადაღებული ელდარ რიაზანოვის პოპულარული ტრაგიკომედიური ჟანრის ფილმი „გარაჟი“ გაახსენა. ვისაც არ უნახავს ან არ ახსოვს ეს ფილმ-შედევრი, გეტყვით, ფილმის მთელი სიუჟეტი წარმოადგენს ერთ-ერთი სამეცნიერო დაწესებულების „ფაუნას“ თანამშრომელთა მიერ დაარსებული ამხანაგობის კრებას, სადაც წყდება საკითხი, კოოპერატივის რომელ ოთხ წევრს უნდა ჩამოერთვას მშენებარე გარაჟების ფლობის უფლება.
ფილმის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი სახეა ბაზრის დირექტორი ქალბატონი კუშაკოვა, რომელიც (ერთ-ერთი უგარაჟოდ დარჩენილი), ფილმის ბოლოს კრებას ტოვებს მუქარით: „მე ამას ასე არ დავტოვებ, გავლენიანი ნაცნობები მყავს და ნახეთ, თქვენ რას გიზამთ“-ო. როდესაც კელი დეგნანი ვაკის რაიონის რომელიღაც კორპუსის გარაჟის გამო მაცხოვრებლებს შორის დავაში ჩართული დავინახე, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ზემოხსენებული ფილმის მეორე სერიას ვუყურებდი. ბაზრის დირექტორმა შეასრულა თავისი მუქარა და საქმის გასარჩევად კოოპერატივის წევრებს თავისი გავლენიანი მფარველი მიუყვანა. მაყურებლები მოუთმენლად ელიან, რით დასრულდება მძაფრი სიუჟეტი, ვინ გაიმარჯვებს – ბაზრის დირექტორი, რომელიც ასოციაციურად 21-ე საუკუნეში გადმოსული, გავლენიანი მფარველებით გაყოყოჩებული ბიზნესმენია, თუ კოოპერატივის რიგითი წევრები, რომლებსაც ამ შემთხვევაში ბიზნესმენის მეზობლები წარმოადგენენ. აშშ-ს ელჩი იმდენად გაუბრალოვდა, რომ ჩარევის გასამართლებლად ქართველი ბიზნესმენისა და მისი მეზობლების საყოფაცხოვრებო დავა საქართველოში განხორციელებული ამერიკული ინვესტიციების დაცვის რანგში აიყვანა და ჟურნალისტს ისეთი გონორით ელაპარაკა, თითქოს დიპლომატიური ეტიკეტისა და უფლებამოსილების ანაბანას უხსნიდა.
მოკლედ, ამ 30 წლის განმავლობაში მრავალი ელჩი გამოიცვალა საქართველოში, ყველა მათგანი თავისი ქვეყნის ინტერესებს იცავდა. ამას ისინი მეტი-ნაკლები დიპლომატიურობით აკეთებდნენ, მაგრამ კელი დეგნანის მსგავსად, ასე ფსკერზე არავინ დაცემულა და გარაჟის დონეზე არავინ ჩასულა. ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ მსგავსი რამ არ გახმაურებულა.
ამ ერთი კონკრეტული მაგალითით დასტურდება, რომ კორუფციისა და ნეპოტიზმის არსებობა არც წყობაზე, არც გეოგრაფიაზე და არც ისტორიაზეა დამოკიდებული, ის სოციალიზმის, ფეოდალიზმის, მონათმფლობელობისა და დემოკრატიულ დასავლურ ცივილიზაციაშიც ცოცხალია. ადამიანი სოციალური ურთიერთობის რომელ (მაღალ,შუა თუ დაბალ) საფეხურზეა,მნიშვნელობა არა აქვს,მთავარია რა მენტალიტეტის და რა გაგებისაა. საინტერესოა აშშ-ს ელჩი საქართველოში მართლა თავისი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება თუ ამ შემთხვევაში მხოლოდ ქართველი ბიზნესმენის ამერიკელი მეუღლის (რომელიც ამავე დროს ამერიკელი მაღალჩინოსნის შვილიცაა) პირად ინტერესებს ლობირებს და ასაღებს ამერიკის ინტერესებად. გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, თუ ადამიანი მდაბიოა (და მით უმეტეს, თუ საჯარო ფიგურაცაა),სულ ერთია, რიგითია, ბიზნესმენია, სპორტსმენია თუ დიპლომატი, ის ამას ერთხელ მაინც საჯაროდ გამოამჟღავნებს.
პ.ს. და ბოლოს ოპოზიციას მინდა გკითხოთ, არ აპირებთ ვაკის “პადზემკასთან” გარაჟის მშენებლობის საკითხების შესწავლის მიზნით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის დარეგისტრირებას?”- წერს ნანა კაკაბაძე.