სენაკის სამხედრო ბაზას პროექტ „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ბაზას საგანმანათლებლო პროექტში „სამხედრო საქმე“ ჩართული სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ. ახალგაზრდებმა სენაკის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა, სამხედროების საცხოვრებელი პირობები, ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს.

ღია კარის დღეები პროექტ „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რეგულარულად იმართება.

ღონისძიების მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

Back to top button