კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლებს პატივს მიაგებს

2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში მომხდარი ტერორისტული აქტის 20 წლის თავზე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებითა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მემორიალური სკულპტურა გამოიფინა. სკულპტურის მესაკუთრეები ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები ბატონი პოლ როძიანკო და ქალბატონი ჩონსი როძიანკო არიან.

მემორიალური სკულპტურის მთავარი ელემენტია აფეთქებული ცათამბჯენისგან გადარჩენილი ფოლადის საყრდენი, რომელზეც შემორჩენილია კომპანია Laclede Steel-ის, სენტ-ლუისის ფოლადის წამყვანი მწარმოებლის სახელი და ინვენტარის ნომერი. როძიანკოთა ოჯახისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, სკულპტურა პირველად საქართველოში, სიმბოლურად სწორედ ტერაქტიდან 20 წლის თავზე, ახალგაზრდა თაობებისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოიფინა. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის ამსახველი მასალა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა პატივი მიაგო ტერაქტის შედეგად დაღუპულ პირთა ხსოვნას და განაცხადა, რომ ქართველი და ამერიკელი ხალხები ტერორიზმთან ბრძოლაში ყოველთვის იდგნენ ერთად და ამ სფეროში ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

„20 წელი გავიდა 11 სექტემბრის უმძიმესი ტრაგედიიდან. ამ დღემ მსოფლიო შეცვალა. ტერორიზმს არ აქვს საზღვრები, ის საფრთხეა ყველასთვის. სწორედ ამიტომ, მის წინააღმდეგ მთელი სამყარო უნდა იყოს ერთიანი. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ 11 სექტემბრის ტერორიზმის მსხვერპლებს, რომლებიც ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდებიან და ვიმედოვნებთ, რომ ახალი თაობები არასოდეს დაუშვებენ მსგავსი ტრაგედიის განმეორებას.” – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ და სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას მემორიალური სკულპტურის მესაკუთრემ პოლ როძიანკომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ რაიან ჰარისმა.

აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, ორი თვის გასვლის შემდეგ, მემორიალი საქართველოს რეგიონების უნივერსიტეტებშიც იქნება გამოფენილი მემორიალის მესაკუთრეებთან შეთანხმების შესაბამისად.

 

Back to top button