დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ სტუდენტებს უმასპინძლა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თავდაცვის სამინისტროსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ათი უნივერსიტეტის სტუდენტებმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე ერთი დღე გაატარეს და სხვადასხვა აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.
სტუდენტებმა თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმი, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზები და საკლასო ოთახები დაათვალიერეს. სტუმრებმა ფეინთბოლის შეჯიბრშიც მიიღეს მონაწილეობა. დღის ბოლოს მათ სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.
პროექტი „ერთი დღე თავდაცვის აკადემიაში“ თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება და საქართველოს თავდაცვის ძალების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.