
- ირაკლი დვალმა ავტომფლობელის მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების პერსპექტივებზე ისაუბრა.
თბილისი დაზღვევის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. მასშტაბური ღონისძიება საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება. საერთაშორისო კონფერენციის გენერალური მხარდამჭერი „ჯიპიაი ჰოლდინგია“. დელეგატებს სიტყვით კომპანიის არასიცოცხლის დაზღვევის დირექტორმა მიმართა. ირაკლი დვალის გამოსვლა სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების პერსპექტივებს შეეხებოდა: რა გავლენას მოახდენს ის საინვესტიციო გარემოზე, ქვეყნის ეკონომიკასა და სოციალურ კეთილდღეობაზე.
Xpimm-ის საერთაშორისო კონფერენციის პირველ დღეს დელეგატებმა საქართველოს სადაზღვევო ბაზარი მიმოიხილეს, იმსჯელეს მიღწევებსა და პოტენციალზე. საუბარი შეეხო ინდუსტრიის თითქმის ყველა მიმართულებას – მათ შორის ავტომობილების დაზღვევის კუთხით არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებს, ტექნოლოგიურ სიახლეებს. კონფერენციის მეორე ნაწილი კი ქონების დაზღვევის საკითხებს მიეძღვნება. ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს, კლიმატის ცვლილების კონტექსტში, მომატებულ საფრთხეებზე. სოფლის მეურნეობის დაზღვევაზე – არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაზე.
კონფერენციის მეორე დღეს – 5 მაისს, მთავარი თემა Solvency II-ზე გადასვლა იქნება. მონაწილეები განიხილავენ სიახლის პრაქტიკულ ასპექტებს. ცვლილება ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად დაინერგა.
Xprimm-ის საერთაშორისო კონფერენციის მიზანი ქართული სადაზღვევო ბაზრის განვითარება და კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაა. ღონისძიებას 150 -მდე დელეგატი დაესწრო, მათ შორის ადგილობრივი და უცხოური სადაზღვევო კომპანიების, ბროკერების, ITპროვაიდერების, საჯარო სექტორის, ფინანსური ინსტიტუციებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.