საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეროვნული კოდიფიკაციის ბიუროს დირექტორს, პოლკოვნიკ მანფრედ კლაფუსსა და ბიუროს სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
გერმანელ სტუმრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, დავით სუჯაშვილი მიესალმა და ვიზიტისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაწეული თანმიმდევრული, პრაქტიკული და ფინანსური მხარდაჭერისთვის, თავდაცვის ძალების განვითარებასა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კოდიფიკაციის განყოფილების უფროსმა, პოლკოვნიკმა დავით მამულაიშვილმა და პოლკოვნიკმა მანფრედ კლაფუსმა, რომელიც ამავდროულად ნატოს კოდიფიკაციის კომიტეტის თავჯდომარეა.
თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს თავდაცვის ძალებსა და მის ლოჯისტიკურ სამსახურებს ნატოელ პარტნიორებთან უფრო მეტად თავსებადს გახდის.