
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის „ეკოლიდერთა სკოლაში“ 2023 წლის სასწავლო კურსი დაიწყო.
„ეკოლიდერთა სკოლაში“ სასწავლო კურსი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ეკატერინე ბენდელიანმა გახსნა.
IX-XII კლასის მოსწავლეები, სასწავლო პროგრამის ფარგლებში, მიიღებენ ინფორმაციას მდგრადი განვითარების მიზნების, ადამიანის ეკოლოგიური უფლებების, ნარჩენების მართვის მნიშვნელობის, დაცული ტერიტორიების, ბიომრავალფეროვნების, კლიმატის ცვლილების, ტყის მდგრადი მართვისა და გარემოსდაცვითი განათლების შესახებ.
2023 წელს, კონკურსის საფუძველზე, მთელი საქართველოს მასშტაბით „ეკოლიდერთა სკოლაში“ მოხვედრა 69 მოსწავლემ შეძლო.
სასწავლო კურსი ორი თვე გაგრძელდება. თეორიულ სწავლებასთან ერთად, მოეწყობა საველე გასვლები. ლექციებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ.
„ეკოლიდერთა სკოლა“ დისტანციურად, ZOOM-ის პლატფორმით განხორციელდება.