პრემიერი: ჩვენ გვაქვს პრეტენზია და ამოცანა, რომ გავძლიერდეთ, როგორც ეროვნული, სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო და არა შეზღუდული სუვერენიტეტით

რაც ხდება დღეს უკრაინაში, თქვენ ახსენეთ სისხლისღვრა, ჩვენთან ეს უკვე მოხდა 2008 წელს და როგორ არის, ქართველი კაცის სისხლი არ არის სისხლი და უკრაინელის სისხლი სისხლია? ჩვენ, ქართველებმა, ბევრი სისხლი გავიღეთ, სამი ომი გადავიტანეთ, სამოქალაქო ომი, ნატოს მისიებში ვიყავით ავღანეთში, ერაყში. ჩვენმა გმირმა ბიჭებმა სისხლი გაიღეს და შეწირეს ამ მისწრაფებას, მიზანს, იდეას და ასეულობით ჩვენი ჯარისკაცი არის დღეს მძიმედ დაჭრილი, ეს არ არის სისხლი? და მე შემთხვევით არ მომიყვანია ფაქტი, რაც წეღან აღვნიშნე, აგვისტოს ომის შემდეგ, 2.5 ტრილიონი დოლარის საქონელი იყიდა ევროკავშირმა რუსეთისგან, ამერიკას ვაჭრობა არ შეუჩერებია დღესაც, თქვენ შეგიძლიათ მონაცემები გამოითხოვოთ, შარშანაც ქონდათ, შეამცირეს ვაჭრობა, მაგრამ დღესაც ვაჭრობენ რუსეთთან იმ პროდუქციებით, რაც მათ ეროვნულ ინტერესებს და მათ კომპანიებს სჭირდებათ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოში წამლის ხარისხის კონტროლის პირველი ლაბორატორიის დათვალიერების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპელი და ამერიკელი მეგობრები გაგებით მოეკიდებიან ფაქტს, რომ საქართველო ვაჭრობას და ეკონომიკას არ აჩერებს ისევ საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

„და ჩვენ რა, არ ვართ სუვერენული სახელმწიფო, თუ ჩვენ ხალხი არ ვართ და არ გვინდა არსებობა და განვითარება და მშვიდობა, კეთილდღეობა? ლოგიკა რა არის, ე.ი. გვეუბნებიან, რომ ევროკავშირი და ნატო თუ შევა ფიზიკურ სამხედრო კონფრონტაციაში რუსეთთან მივიღებთ მესამე მსოფლიო ომს, ეს კარგად ვიცით და ბირთვული ომის საშიშროება კი არა, პირდაპირი რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით, ამის საშიშროება დღეს უკვე დგას. გვეუბნებიან, რომ ამიტომ ჩვენ უნდა ავირიდოთ ომი, გვეუბნებიან ჩვენი ნატოელი და ევროპელი მეგობრები.

ჩვენთვის, ქართველებისთვის, პატარა ქვეყნისთვის აქ რაიმე პროვოკაცია, ომი, დესტაბილიზაცია ნიშნავს მესამე მსოფლიო ომს ჩემთვის, პირადად, იმიტომ რომ ქვეყნები, არავინ ჩაერთვება ჩვენს ომში, არავინ აბსოლუტურად. ისევ უნდა დაიხოცონ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ჩვენი მოქალაქეები დაზიანდნენ და ქვეყანა უნდა გადაიქცეს პოლიგონად. ამას ჩვენ არ დავუშვებთ მიუხედავად ძალიან ბევრი ბინძური პროვოკაციების და მცდელობებისა დესტაბილიზაციის მოწყობის.

მე არ მომისმენია ქალბატონი დეგნანის განცხადება, მაგრამ თქვენი კითხვის შინაარსიდან გამომდინარე მინდა გიპასუხოთ – ჩვენ გვაქვს პრეტენზია და ამოცანა, რომ გავძლიერდეთ, როგორც ეროვნული, სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო და არა შეზღუდული სუვერენიტეტით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მჯერა, იგივე ქალბატონი დეგნანი, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები ამ ჩვენს განსაკუთრებულ მდგომარეობას კიდევ ერთხელ კარგად გაითვალისწინებენ, ჩვენ გვექნება მათთან საუბარი კიდევ ერთხელ და გაგებით მოეკიდებიან ფაქტს, რომ ჩვენ ვაჭრობას და ეკონომიკას არ ვაჩერებთ ისევ ჩვენი, საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე,”- განაცხადა პრემიერმა.

Back to top button