„ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და სხვათა შორის, იმ ხალხის მიერ წამოწყებული კამპანია, ვინც თავს დებს, რომ ჯარი უყვარს და ჯარზე ზრუნავს“, – საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საერთაშორისო სწავლება Defender 2023 საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა.
მინისტრის განცხადებით, მიმდინარე პერიოდში საქართველო გერმანიასა და თურქეთში ორ საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობს. „შარშან გვქონდა რეკორდული შედეგი, როდესაც ვუმასპინძლეთ 6 საერთაშორისო სწავლებას. წელს ვიღებთ დაახლოებით 20 საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობას. ეს კონკრეტული შემთხვევა, რომელიც უკავშირდებოდა მხოლოდ ლოგისტიკური ხარჯების მიმართულებით რამდენიმე მილიონის ხარჯს. რა თქმა უნდა, პარტნიორებმა გვირჩიეს, რომ ეს იქნებოდა ჩვენი მხრივ არაგონივრული ნაბიჯი“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, რამდენიმე მილიონის დახარჯვა რომელიმე კონკრეტული სწავლების ლოგისტიკურ ხარჯებში არ არის გამართლებული, რადგან ამ სახსრებით ფინანსდება სოციალური საკითხები, შეიარაღება და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები.