ჩვენი ეკონომიკის სტაბილურად გაზრდის მიუხედავად, ჩვენი ბიუჯეტი, პროპორციულად, უფრო მეტით გაიზარდა – ჯუანშერ ბურჭულაძე

თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა, სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური გარანტიები, ბოლო წლების პოზიტიური ტენდენცია და დინამიკა – თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი სასაუბრო თემა იყო გადაცემაში „იმედი LIVE“.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ქვეყნის ეკონომიურ წინსვლას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიურ განვითარებასთან ერთად, პროპორციულად, უფრო მეტით გაიზარდა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, რომელმაც წელს 26% შეადგინა.

„არ მინდა, ვინმეს შთაბეჭდილება დარჩეს, რომ მხოლოდ სოციალურ პროექტებს ვაფინანსებთ. გარდა იმისა, რომ ყველა სამხედრო მოსამსახურეს, წელს პირველი იანვრიდან მოემატათ ანაზღაურება 20%-ით, იგივე გავაკეთეთ ჩვენ პრემიერის თავდაცვის მინისტრობის დროს, გავუზარდეთ ანაზღაურება. მას შემდეგ ჩვენ ვინარჩუნებთ ამ ტემპს“, – განაცხადა მან.

მინისტრმა აღნიშნა, რომ პროპორციულად გაიზარდა დაფინანსება, სამხედრო შეიარაღებაზეც და ამ კუთხით ძალიან დიდი პროექტებია დაწყებული. ამ კონტექსტში ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ხელშეკრულებებია დადებული ხელის გადასატანი, ერთჯერადი ყუმბარების შესყიდვაზე ესპანურ კომპანიასთან, გერმანულ კომპანიასთან. მიმდინარეობს მუშაობა „ელბიტთან“, რომელიც გახლავთ ისრაელის წარმოება, ანტი-დრონებზე, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შეძენაზე.

ჯუანშერ ბურჭულაძემ მახათას მთაზე მიმდინარე „ჯარის ქალაქის“ მშენებლობაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მშენებლობა დასრულებულია და ტერიტორიაზე მიმდინარეობს კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელიც 1 თვეში დასრულდება.

მინისტრის თქმით, ეს პროექტი იქნება განგრძობითი ხასიათის და ამის ვალდებულებას სახელმწიფო აიღებს კოდექსით, რომ მომავალშიც იზრუნებს სამხედრო მოსამსახურეებზე. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, გრძელდება მიდგომა – ყველაფერი საუკეთესო ჯარს, რაც მოტივაციას უქმნის სამხედრო მოსამსახურეებს.

Back to top button