პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო: ბოლო წლებში მტკიცდება ისეთი ნორმები, როგორიცაა ბავშვებისთვის სქესის შეცვლის დანერგვა და ამის წახალისება

ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ, რომ რიგ ქვეყნებში არის მცდელობა ტრადიციული ღირებულებების დანგრევისა და ჩამოშლისა, როდესაც თავს ესხმიან ქალის და მამაკაცის ქორწინებას, როგორც ქორწინების ერთადერთ ნორმალურ და ღვთივდადგენილ ფორმას, თავს ესხმიან ადამიანის სიცოცხლეს, ჩასახვის მომენტიდან, ვიდრე ბუნებრივ გარდაცვალებამდე, – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ, სამების საკათედრო ტაძარში, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქადაგების დროს განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, შესამჩნევია საკანონდმებლო დონეზე აბორტების, გენდერული იდეოლოგიის და სქესობრივი გარყვნილების დამტკიცება. მან ყურადღება გაამახვილა ბოლო წლების ტენდენციაზეც, რაც ბავშვებისთვის სქესის შეცვლას გულისხმობს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ კანონმდებლობების დონეზე თუ საერთაშორისო ხელშეკრულებების, დოკუმენტების დონეზე მტკიცდება ისეთი ნორმები, რომლებიც ახალისებს ქორწინების გარეშე თანაცხოვრებას, ახალისებს სქესობრივი გარყვნილების ყოველგვარ ფორმას, აბორტებს, გენდერულ იდეოლოგიას, მშობლების ავტორიტეტის დაკარგვას და ა.შ. სამწუხაროდ, იმასაც ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაშიც პოვა ნაწილობრივ ამ ყველაფერმა ასახვა.

მინდოდა მეთქვა ასევე, რომ ბოლო წლებში კიდევ დაემატა ისეთი საშინელი რამ, რაც არის ბავშვებისათვის სქესის შეცვლა, სქესის შეცვლის დანერგვა და ამის წახალისება. ვინც ამ ყველაფერს ეთანხმება და აკანონებს, ისინი ხშირად საუბრობენ ადამიანის უფლებებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ხედავენ ან არ უნდათ მთავარი რამის დანახვა, რომ ადამიანს აქვს მთავარი უფლება, რომ უბრალოდ, დაიბადოს და იცხოვროს ამ ქვეყანაზე. მაშინ იბადება კითხვა – რის საფუძველზე ართმევენ პატარა ბავშვს ამ უფლებას და რის საფუძველზე მიიჩნევა დედის მუცელში ასეთი ბავშვის მოკვდინება კანონიერ საქმედ?“ – აღნიშნა მეუფე შიომ.

მისივე თქმით, ახლანდელ დროში, ადამიანის უფლებებისთვის და სიკვდილის კულტურის წინააღმდეგ ბრძოლას, ოჯახის და ტრადიციული ქორწინების დაცვა წარმოადგენს.

„ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ოჯახის დაცვა, ტრადიციული ქორწინების დაცვა, სიცოცხლის დაცვა, ეს არის ნამდვილი ბრძოლა ნამდვილი ადამიანის უფლებებისთვის.

ეს არის ბრძოლა სიცრუესთან, ბოროტებასთან და, შეიძლება ითქვას, ეს არის ბრძოლა სიკვდილის კულტურასთან. ის ყველაფერი, რაც მე ჩამოვთვალე, იწოდება სიკვდილის კულტურად და არა სიცოცხლედ. ამიტომ დღეს ყველა საღი გონების მქონე ადამიანის ვალია, დაიცვას ოჯახის სიწმინდე, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვიცავთ ტრადიციულ ღირებულებებს, ოჯახის სიწმინდეს და ამ პრინციპებს, ჩვენ ამით ვიცავთ ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ხალხს, გადაგვარებისგან და, საერთოდ, სრული განადგურებისგან. ღმერთმა დაგლოცოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს, ღმერთმა ინებოს ჩვენი ოჯახების გამრავლება და გაძლიერება, ღმერთმა ინებოს, რომ საქართველომ დაძლიოს ეს დიდი განსაცდელი და მიუღებელი გახდეს ჩვენთვის აი, ეს სიკვდილის კულტურა, ეს დიდი მანკიერებები, იმიტომ რომ როცა ადამიანი ლოცულობს და ღმერთს სთხოვს რამეს, ან ადამიანთა ჯგუფი, ან თუ გნებავთ, ერი, პირველი პირობა არის – ამ ლოცვასთან ერთად გამოასწოროს თუკი რაიმე აქვს მძიმე ცოდვა ღვთის წინაშე.

წინააღმდეგ შემთხვევაში მისი თხოვნა არ შესრულდება. უფრო მეტიც, დასასჯელი იქნება მისთვის ეს. ამიტომ თუ ჩვენ არ ყველაფერს არ უარვყოფთ, თუ ჩვენ ამ მანკიერებებს დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში, ასეთი კითხვა ჩნდება – ღირსი ვიქნებით, რომ ვიყოთ ერი, რომელიც იქნება ძლიერი, გამარჯვებული, გამთლიანებული და ამაღლებული?! აი, ამაზე ვფიქრობთ დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო. დაგვლოცოს ღმერთმა, ჩვენი ოჯახები ამრავლოს ღმერთმა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებითა და მფარველობით, ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო, ამინ.” – განაცხადა მეუფე შიომ.

Back to top button