თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავდაცვის სამინისტროს აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით მედიასაშუალებებში გასულ სიუჟეტებს განცხადებით გამოეხმაურა.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ეხმიანება ცალკეულ მიკერძოებულ ტელევიზიებში გასულ სიუჟეტებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავდაცვის სამინისტროს აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით, რაც უწყების დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა.
ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში თავდაცვის ძალებში დაახლოებით 40%-ით მოხდა ხელფასების მატება. ცხადია, ასევე გრძელდება დანამატების გაცემის პრაქტიკა იმ კონკრეტული ქვედანაყოფებისათვის, რომლებიც კანონის შესაბამისად ახორციელებენ სპეციფიკურ სამუშაოს და შეხება აქვთ საიდუმლო ინფორმაციასთან. აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს 233 მოსამსახურეზე გრიფით „საიდუმლო“ წესით გაიცა დაახლოებით 5 მილიონი ლარის დანამატი. აღნიშნული თანხა გადაეცათ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებსა და თანამშრომლებს მათ მიერ ეფექტიანად შესრულებული სამუშაოს დაფასებისა და წახალისების მიზნით.
რაც შეეხება, უშუალოდ გაცემის ფორმას, აღნიშნული განხორციელდა საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ მოქმედი კანონის შესაბამისად. დანამტები გაიცა იმ სამხედრო მოსამსახურეებსა და სპეციალური წოდების მქონე პირებზე, რომლებიც ასრულებენ გარკვეული ტიპის სპეციფიკურ სამუშაოს და ამავე დროს, შეხება აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებების შესახებ კანონით გათვალისწინებულ სენსიტიურ საქმიანობასთან და ინფორმაციასთან.
ცხადია, ჩვენი სამხედროები იმსახურებენ ყველაფერს საუკეთესოს და მათ შორის, ფინანსურ წახალისებას, რაც მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.