ვაზიანის სასროლეთზე ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა. მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონის გეგმური საველე წვრთნები სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და სამ ეტაპს მოიცავდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პირველი ეტაპი საველე მოქმედებებსა და სადაზვერვო ჯგუფის, ცეცხლის მართვის ცენტრებისა და ქვემეხების შერწყმას მოიცავდა, მეორე ეტაპზე დამკვირვებელ-მაკონტროლებლებმა წვრთნებში მონაწილე ქვედანაყოფები შეაფასეს, ხოლო დასკვნითი ნაწილი საბრძოლო სროლებს დაეთმო.
ამავე ცნობით, მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონმა წინასწარ განსაზღვრულ რაიონში საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა განახორციელა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა.
სწავლების მიზანს ოპერატიულ გარემოში დამოუკიდებლად მოქმედება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა წარმოადგენდა. წვრთნების დასკვნით ეტაპს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დააკვირდნენ.