ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კურსდამთავრებულთა მეთორმეტე გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. კურსდამთავრებულებს სიტყვით თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიმართა და სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა.
ლიცეუმის 7 სამხედრო მოსამსახურე უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდა, კურსდამთავრებულებს კი, დაწყებითი სამხედრო მომზადების სერტიფიკატები და ლიცეუმის სამკერდე ნიშნები გადაეცათ.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. დღესვე, ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებმა ლიცეუმის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაზარეთის შენობა საზეიმოდ გახსნეს და განახლებული სარეკრეაციო ადგილი დაათვალიერეს.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ინფრასტრუქტურითა და სწავლების დონით ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. ლიცეუმში არსებული სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას საქართველოს, აშშ-ს, თურქეთის, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო აკადემიებში.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ძალისხმევით აღმოსავლეთ საქართველოში გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალი კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობა დაიწყო.