საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალური შტაბის უფროს, გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილთან და უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად საგურამოში კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრისა და ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 202-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის ბაზაზე დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამხედრო ბაზაზე ლაზარეთს, სასადილოსა და გამშვებ პუნქტს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა, ასევე დასრულებულია ყაზარმის რეაბილიტაციაც, სადაც შეიცვალა სახურავი, მოწესრიგდა სველი წერტილები და შენობა ახალი ინვენტარით აღიჭურვა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში საგურამოს ბაზის ტერიტორიაზე დამონტაჟდა ახალი საინჟინრო, საკომუნიკაციო, წყალმომარაგების, ბუნებრივი აირის და ელექტრობის სისტემები. აშენდა სამი საქვაბე, რომელიც შესაბამისი დანადგარებით აღიჭურვა. მოეწყო ეზოს განათებაც. ამჟამად, საგურამოს ბაზაზე მიმდინარეობს შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები და სარეკრეაციო ზონის მოწყობა.
ქართველი სამხედროებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით დისლოცირებული სამხედრო ქვედანაყოფების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.