საქართველოს თავდაცვის ძალები 15 ივნისს სამხედრო პოლიციის დღეს აღნიშნავს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუბუნაურმა მიულოცეს. ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთის ბატალიონის ბაზაზე გაიმართა.
სამხედრო პოლიციის დღესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეები სამსახურებრივი საშტატო იარაღითა და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ. სამხედრო პოლიციის პირადმა შემადგენლობამ საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მადლობის სიგელებიც მიიღო.
სამხედრო პოლიციის განვითარება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ერთ-ერთი ინიციატივაა. განხორციელებული რეფორმებისა და მოდერნიზაციის შედეგად სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი ნატოსთან თავსებად სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა, რომელიც მხარს უჭერს სამანევრო ქვედანაყოფებს, როგორც დისციპლინის, ასევე საბრძოლო ამოცანის შესრულებაში.