საქართველოში ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი იმყოფება. ბრაიან კემპს ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.
თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე ქვეყნებს შორის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის 29-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა.
შეხვედრის დასასრულს, ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი სამაგალითო პარტნიორობისა და განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა. ბრაინ კემპმა კი, აშშ-ის ჯორჯიის შტატის სახელით თავდაცვის მინისტრს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და გამორჩეული სამსახურისთვის ოგლეტორპის მედალი გადასცა.