ვინ გაძარცვა ფიზკულტურულ-სპორტული კლუბი “დინამო” და რატომ ემალება მისი დირექტორი ზაქრო ვარაზაშვილი ჟურნალისტებს

ფიზკულტურულ-სპორტული კლუბი „დინამო“ მისი ფინანსური ოპერაციებისა და გასხვისებული აქტივების შესახებ ინფორმაციას კვლავ ასაიდუმლოებს.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესმა“ ა(ა)იპ ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ „დინამოს“ გენერალურ დირექტორს, ზაქრო ვარაზაშვილს შესაბამისი კითხვებით 15 ივნისს მიმართა, თუმცა მას პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.

ამასთან, ზაქრო ვარაზაშვილი ასაიდუმლოებს იურიდიულ მისამართს, სადაც ამჟამად ფიზკულტურულ-სპორტული კლუბის ოფისია.

კლუბ „დინამოს“ მიმართ შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით კლუბის ბალანსზე არსებული აქტივების გასხვისებას, მის მფლობელობაში არსებული წილების განკარგვას და აგრეთვე, ბალანსზე არსებული ქონებისა და მიწის იჯარიდან მიღებულ შემოსავლებს.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ „დინამოს“ აქტივების მნიშვნელოვან გადინებას ჰქონდა ადგილი, რომლის მიზნობრიობის შესწავლის საშუალებას, კლუბის ხელმძღვანელობის მიერ ჟურნალისტების კითხვებზე თავის პერმანენტულად არიდება არ იძლევა.

ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, კლუბის აქტივების გასხვისების საკითხში აქტიურად ფიგურირებს ბიზნესმენ გოჩა ძასოხოვის გვარიც. კლუბის ზოგიერთი ხელმძღვანელი აქტივების დაკარგვას სწორედ მის სახელს უკავშირებს.

გარდა მიმდინარე წლის 15 ივნისს გაგზავნილი წერილისა, კლუბის დირექტორს, ზაქრო ვარაზაშვილს სააგენტოს მიერ 3 ივლისს გაეგზავნა შეტყობინება და მიეცა გონივრული ვადა იმისთვის, რომ მისი ორგანიზაციის იურიდიული მისამართი დაესახელებინა, თუმცა ის აღნიშნულ მისამართს კვლავ ასაიდუმლოებს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, კლუბის ყოფილი და არსებული აქტივების შესახებ ინფორმაცია შესაბამისი სამსახურიდან უკვე გამოითხოვეს. აგრეთვე, სააგენტოში არ გამორიცხავენ, რომ მათ მიერ დასმულ საკითხებთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართონ.

რაც შეეხება ბიზნესმენ გოჩა ძასოხოვს, ამ თემაზე საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ ახლო მომავალში კიდევ ერთ მასალას გაასაჯაროვებს, სადაც მის წინააღმდეგ მედიის წარმომადგენლების მობილიზების შესახებ იქნება ფაქტები მოყვანილი.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ აგრძელებს ჟურნალისტურ მოკვლევას ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ „დინამოს“ ბოლო წლების საქმიანობის შესახებ და საზოგადოებას ინფორმაციას პერმანენტულად მიაწვდის.

Back to top button