22-ე ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული გეგმური სწავლება გამართა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის „ჩარლი“ ასეულის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება ორფოლოს პოლიგონზე საბრძოლო სროლებით დასრულდა.

წვრთნების დასკვნით ეტაპს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და მეორე ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ და სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე სწავლების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

ასეულის დონის ერთკვირიანი სწავლება პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას ისახავდა მიზნად და მრავალეროვნული წვრთნები Agile Spirit 2023-სა და საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) წვრთნასა და შეფასებაში მონაწილეობისთვის წინამოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენდა.

წვრთნებში ჩართული იყო ამერიკული წარმოების ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება „ჯაველინი“ , ასევე ამერიკული წარმოების მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი M2A1 და ავტომატური ყუმბარმტყორცნი MK-19.

ქვედანაყოფს მხარდაჭერას საარტილერიო დანადგარის გარდა, საქართველოში წარმოებული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ და ტაქტიკური მართვის პულტი (WOLF) უწევდა, რომელიც მაღალი ტექნოლოგიური სისტემებით არის აღჭურვილი და ქვედანაყოფების მართვასა და კონტროლს ამარტივებს.

Back to top button