ირაკლი კობახიძე: უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ საუბრობდა უმაღლეს დონეზე, თუ რა უნდათ საქართველოსგან, ისინი პირდაპირ მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტისკენ

უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ საუბრობდა უმაღლეს დონეზე, თუ რა უნდათ საქართველოსგან, ეს იყო უმაღლესი დონე, მაგალითად, უშიშროების საბჭოს მდივანი დანილოვი, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი პოდოლიაკი. ისინი პირდაპირ მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტისკენ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE-ში განაცხადა.

მისი თქმით, ამისთვის მადლობა ეკუთვნის უკრაინის ხელისუფლებას, იმიტომ, რომ არიან ძალები, რომლებსაც იგივე სურთ საქართველოსგან, მაგრამ ამაზე ღიად არ საუბრობენ.

„უკრაინის ხელისუფლების პოზიცია საქართველოსთან მიმართებით არის ცხადი. თვითონ ღიად საუბრობდნენ თავის დროზე, რა სურთ საქართველოსგან და ამისთვის მადლობა ეკუთვნის უკრაინის ხელისუფლებას, იმიტომ, რომ არიან ძალები, რომლებსაც იგივე სურთ საქართველოსგან, მაგრამ ამაზე ღიად არ საუბრობენ. უკრაინის ხელისუფლება არის გულახდილი, უკრაინა რა თქმა უნდა, არ იგულისხმება, ჩვენი მეგობარი ქვეყანა, მადლობა უკრაინის ხელისუფლებას, რომელიც არის გულახდილი.

უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ საუბრობდა უმაღლეს დონეზე, თუ რა უნდათ საქართველოსგან. შეგახსენებთ, ეს იყო უმაღლესი დონე, მაგალითად უშიშროების საბჭოს მდივანი დანილოვი, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი პოდოლიაკი. ისინი პირდაპირ მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტისკენ. მადლობა მათ, რომ არ აქვთ დაფარული საკუთარი ინტერესი, საკუთარი პოზიცია, ღიად საუბრობენ იმაზე, რომ აქვთ ერთადერთი ინტერესი საქართველოს მიმართ – ეს არის მეორე ფრონტი. რა თქმა უნდა, ყველა მათი ნაბიჯი უკავშირდება ამ ინტერესს, არ მალავენ“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ გაიხსენა უკრაინაში ომის დაწყების პირველ დღეებში უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა და აღნიშნა, რომ უკრაინას ბელორუსიდან არ ჰყავდა გაწვეული ელჩი მაშინ, როდესაც მთავარი შეტევა განხორციელდა ბელორუსის ტერიტორიიდან პირდაპირ კიევზე.

“გახსოვთ, შარშან ომი ახალი დაწყებული იყო, როდესაც უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. ბელორუსიდან არ ჰყავდათ ელჩი გაწვეული, მაშინ, როდესაც მთავარი შეტევა განხორციელდა ბელორუსის ტერიტორიიდან პირდაპირ კიევზე. არ გაუწვევიათ ელჩი ბელორუსიდან და გაიწვიეს საქართველოდან. ვინმეს დღემდე მოუსმენია ამის რაიმე დასაბუთება? არაფერი. რაზე იყო გათვლილი – მაშინ იყო მძიმე ემოციური ფონი ომთან დაკავშირებით და გათვლა იყო ის, რომ ამ ფონზე, ზელენსკის ეს გადაწყვეტილება საზოგადოებაში გამოიწვევდა მღელვარებას, არეულობას, ხელისუფლების შეცვლას და ასეთ შემთხვევაში ის მოწოდება, რომელიც გააკეთეს დანილოვმა, პოდოლიაკმა და სხვებმა, გახდებოდა პირდაპირი გაგებით აქტუალური. ახალი ხელისუფლება, ეს ხომ არ დამალეს, ვანო მერაბიშვილმა პირდაპირ თქვა, „ნაცმოძრაობა“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ისინი პირდაპირ გახსნიდნენ მეორე ფრონტს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Back to top button