საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 44-ე საარტილერიო ბატალიონმა ვაზიანის პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დაასრულა. საველე სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფებს უჭერდნენ მხარს ქვეითთა სადაზვერვო ჯგუფები. დასკვნითი საველე სწავლებისას 44-ე საარტილერიო ბატალიონის ბატარეებმა წინასწარ განსაზღვრულ ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურეს.
ორკვირიანი გეგმიური სწავლების ფარგლებში ქვედანაყოფებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებული პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. სწავლების მიზანი ქვედანაყოფის ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედებების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება იყო, რასაც ბატალიონმა წარმატებით გაართვა თავი.
სწავლებას, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, აშშ-ის ჯორჯიის შტატის 118-ე საარტილერიო ბატალიონის წარმომადგენლები დაესწრნენ და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.