ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველი მოსწავლეები მისაღებ გამოცდებს აბარებენ

ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველი მოსწავლეები მისაღებ გამოცდებს აბარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 8 ივლისს ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველი მოსწავლეები მათემატიკის გამოცდას ჩააბარებენ, ხოლო 9 ივლისს – ზოგადი უნარების გამოცდას.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოცდებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ცენტრალიზებულად ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში ატარებს.

„გამოცდების შედეგების მიხედვით, ლიცეუმში ჩასარიცხად შერჩეული მოსწავლეები, გაივლიან სამედიცინო შემოწმებას. თუ რომელიმე მოსწავლე სამედიცინო შემოწმების შედეგად მიიღებს უარყოფით პასუხს, ის ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს და მას ჩაენაცვლება რეიტინგით მომდევნო მოსწავლე.

თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ჩასარიცხ მოსწავლეთა რაოდენობას დაემატა ადგილები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედროთა შვილებისთვის. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის შვილი, რომელიც გადალახავს ზოგადი უნარებისა და მათემატიკის გამოცდაში 30%-იან ბარიერს რეიტინგული სიის გარეშე ჩაირიცხება ლიცეუმში“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Back to top button