ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა (IOCT) საერთაშორისო კურსი დასრულდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სწავლებაში მონაწილეობას ხუთი ქვეყნის 16 წარმომადგენელი იღებდა. თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები JTEC-ში და ნორიოს საწვრთნელ არეალში ჩატარდა. მსმენელები დამკვირვებელ-მაკონტროლებლის ფუნქციებსა და მოვალეობებს, ასევე ოპერატიული გარემოს ცვლადებსა და მოქმედების შემდგომი მიმოხილვის ჩატარების მეთოდებს გაეცნენ.
სამხედროებმა კურსის პრაქტიკული ნაწილი ნორიოში განახორციელეს, სადაც მსმენელებს შესწავლილი უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა მიეცათ. კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელები შეძლებენ, ნატოს სტანდარტების შესაბამისად განახორციელონ ტაქტიკური დონის ქვედანაყოფების დაკვირვება და წვრთნა-შეფასება. სწავლებას ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად ლიეტუველი ოფიცრები უძღვებოდნენ.
JTEC-ში მსმენელებს კურსის წარმატებით დასრულება ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ მიულოცა. კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.