გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში აქტიურად მიმდინარე საზაფხულო პროექტის „ჯარის ბანაკის“ ერთი როტაცია დასრულდა. ორშაბათიდან კი, „ჯარის ბანაკი“ ბავშვების ახალ ნაკადს უმასპინძლებს. წელს სერჟანტთა აკადემიაში მოწყობილი „ჯარის ბანაკი“ საერთო ჯამში ბავშვების 8 როტაციას მიიღებს და 18 აგვისტოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეზე მომავალ წლამდე დაიხურება. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ როტაციაზე „ჯარის ბანაკს“ თბილისის, გორის, ვალეს, ახალციხისა და ახალქალაქის სკოლების მოსწავლეები სტუმრობდნენ. ბანაკში ყოფნის ბოლო დღეს მათ კოჯორში სამთო მომზადება ჩაუტარდათ, ვაზიანის მე-4 ქვეითმა ბრიგადამ კი, სპეციალურად ბავშვებისთვის სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა მოაწყო. სამხედრო ქვედანაყოფში მოსწავლეებს სიმულაციურ ცენტრში სხვადასხვა იარაღიდან სროლისა და ერთმანეთთან შეჯიბრების საშუალებაც მიეცათ. ხუთდღიანი პროგრამის დასასრულს, სერჟანტებმა ბავშვებს სამახსოვროდ „ჯარის ბანაკის“ სასაჩუქრე ჩანთები გადასცეს და მათთან ერთად იმხიარულეს.
„ჯარის ბანაკში“ გატარებული დღეები ბავშვებისთვის დაუვიწყარი თავგადასავლებით, სიახლეებით და ფიზიკური აქტივობებით დატვირთული იყო. სერჟანტ-ინსტრუქტორების დახმარებით მოსწავლეებს საცეცხლე მომზადებაში, წინაღობათა ზოლის გადალახვაში, ორიენტირებით სირბილსა და ნავიგაციაში შეჯიბრებები ჩაუტარდათ. ბავშვებმა პირველადი სამედიცინო დახმარებისა და თვითგადარჩენის სავარჯიშოებშიც მიიღეს მონაწილეობა და ქართველი სამხედროების ცხოვრების ამსახველი ნახატებიც შექმნეს.
„ჯარის ბანაკი“ – დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიცირებით დაიწყო და მას თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად წელს პირველად ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას.