ჯუანშერ ბურჭულაძე: თავდაცვის კოდექსი არეგულირებს და სამხედრო მოსამსახურეებისთვის ქმნის სოციალურ გარანტიებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის მნიშვნელოვან სოციალურ გარანტიებს შექმნის.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამხედრო მოსამსახურეების ხელფასების ზრდის შეუქცევად პროცესზე.

„წელიწად-ნახევრის განმავლობაში უკლებლივ ყველა სამხედრო მოსამსახურეს ანაზღაურება 40%-ით გავუზარდეთ და ეს ზრდა 2024 წლის დასაწყისშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მისი თქმით, სამხედროებისათვის მრავალწლიანი სამსახურის დაფასების მიზნით დაწყებული ახალი საბინაო პროგრამის განგრძობითობა საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება.

თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა, პრაქტიკულად, ყველა სამხედრო ბაზაზე.

„ყაზარმები თანამედროვე და ხარისხიანი ინვენტარით აღიჭურვა, მოეწყო სასადილოები, განახლდა სპორტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორიები, ბაზებზე დაეგო გზები“, – განაცხადა მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ 2024 წლისთვის თავდაცვის უწყებას აბსოლუტურად განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება.

Back to top button