23 ივლისი – საინჟინრო გვარეობის დღე

საქართველოს თავდაცვის ძალები 23 ივლისს საინჟინრო გვარეობის დღეს აღნიშნავს. პროფესიული დღე სამხედრო საინჟინრო ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა დასავლეთში საჩვენებელი სწავლებით, ხოლო აღმოსავლეთში საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დასავლეთის სარდლობამ ამოცანაზე ორიენტირებული საინჟინრო წვრთნა „კოლხეთის ბარიკადი 2023“ ჩაატარა. „კოლხური ბარიკადი-2023” ორიენტირებული იყო საინჟინრო დაზვერვის, კონტრმობილურობის, მობილურობისა და სიცოცხლისუნარიანობის ოპერაციებზე. სწავლების განმავლობაში განხორციელდა დასავლეთის სარდლობის საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის, მე-2 და მე-3 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ასეულების ოცეულების ტაქტიკური ჯგუფების ერთობლივი მოქმედებები და სინქრონიზება. თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლებით დააჯილდოვა და დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხიანად შესრულებისთვის ფასიანი საჩუქრები გადასცა.

აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო საინჟინრო ბატალიონში პროფესიული დღე საზეიმოდ აღინიშნა. 31 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და პროფესიული დღე მიულოცა. სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები, საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და სერტიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიება ,,მხიარული სტარტებით’’ გაგრძელდა, რომელშიც სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა მიიღეს მონაწილეობა. მოწვეულმა სტუმრებმა სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი ტექნიკა და შეიარაღებაც დაათვალიერეს.

Back to top button