გაერთიანებულ სამეფოში, შოტლანდიაში, გლაზგოსა და ლოხ-იუში აშშ-ის მე-6 საზღვაო ფლოტის ორგანიზებით მრავალეროვნული საზღვაო სწავლება Sea Breeze 2023 ჩატარდა. სწავლება, საზღვაო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ოპერაციების გაძლიერებას მრავალეროვან პარტნიორებთან ერთად, ასევე მიზნად ისახავდა შავი ზღვისა და პარტნიორობა მშვიდობისათვის საზღვაო უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას.
მრავალეროვნულ სწავლებაში წელს საქართველოს თავდაცვის ძალები საშტაბო და მყვინთავთა კომპონენტებში იყო წარმოდგენილი. თავდაცვის ძალების ორი ოფიცერი ნაღმოსანთა ტაქტიკური დაჯგუფების შემადგენლობაში ნაღმსაწინააღმდეგო საზღვაო ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესებში იყო ჩართული.
სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონის საზღვაო ასეულის მყვინთავების ჯგუფი კი, მოტივტივე საზღვაო ნაღმების, ფსკერის ნაღმების და მისაკრავი ნაღმების ძებნის, აღმოჩენის, განაღმის და დანაღმვის როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ სწავლებებში მონაწილეობდა.
საქართველოსთან ერთად სწავლებაში მონაწილე ქვეყნებია: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი, უკრაინა, შვედეთი, დანია, ნორვეგია, ფინეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ესტონეთი, ნიდერლანდები, ასევე ნატოს მუდმივმოქმედი საზღვაო ნაღმოსანთა ხომალდების დაჯგუფება.
საქართველოს თავდაცვის ძალები Sea Breeze-ში 2001 წლიდან იღებს მონაწილეობას.