მთელი საარჩევნო კამპანია ისე გავიდა, ისე მივედით არჩევნების თარიღამდე, რომ არავითარი საარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებიათ „ნაცმოძრაობას”, სააკაშვილს და ოპოზიციას მთლიანად. რატომ? იმიტომ, რომ სათქმელი არაფერი აქვთ – არც საარჩევნო პროგრამა, არც დაპირება, არავითარი ხედვა, ნული; სააკაშვილს აგვისტოში წამოცდა, რომ მათ ჰქონდათ რაღაც გარკვეული მასალები, კომპრომატები ეკლესიის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი დაპირება სწორედ უკანონო მოსმენების დასრულება იყო.
„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, რომ ეს უკანონო მოსმენები დასრულდებოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და საიდუმლო სამსახურები ყველა ქვეყანაში არის შექმნილი, იმიტომ აქვს ყველა სახელმწიფოს ოდითგანვე, მას შემდეგ, რაც შეიქმნა კაცობრიობა და პირველი მზვერავები იყვნენ, რაც კაცობრიობა დედამიწაზე ცხოვრობს, ეს სამსახურიც არსებობს. ბუნებრივია, ყველა სახელმწიფოს სჭირდება შესაბამისი სტრუქტურები. რაც შეეხება გავრცელებულ მასალებს, უნდა დადგინდეს, მოხდეს ავთენტურობის შესწავლა. ამას სჭირდება შესწავლა. თუ არ ვცდები, 70 ათასი ფაილი არის ატვირთული, ეს არის ცნობები, მე და თქვენ რომ დავსხდეთ და „ვორდის” ფაილში ცნობები დავწეროთ, ჩვენც შეგვიძლია ძალიან მარტივად ახლა გავაკეთოთ ცნობა, ავტვირთავთ და ვიტყვით, რომ მე და ბატონმა დავით კაკულიამ ვისაუბრეთ გადატრიალებაზე და ა.შ. ეს შემდეგ გამოვიდეს სააშკარაოზე და ჩვენ დავიწყოთ თავის მართლება, რომ ეს ნამდვილად ვთქვით თუ არ ვთქვით. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ტყუილს შევურევთ, 95% იქნება ტყუილი, 5% იქნება სიმართლე, რომ მე და თქვენ ნამდვილად შევხვდით და დღეს ნამდვილად შევხვდით. აი, ეს ტყუილ-მართალია არეული. ამას გარდა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჯერ ერთი, არავის დაუდგენია, რომ ამ ატვირთული ცნობებიდან 1% იქნება, 2 თუ 3%, ნამდვილად არის კანონიერი მოსმენების საშუალებით მიღებული ცნობები. მიზეზი ამ ყველაფრის იყო, რომ მთელი საარჩევნო კამპანია ისე გავიდა, ისე მივედით არჩევნების თარიღამდე, რომ არავითარი საარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებიათ „ნაცმოძრაობას”, სააკაშვილს და ოპოზიციას მთლიანად. რატომ? იმიტომ, რომ სათქმელი არაფერი აქვთ – არც საარჩევნო პროგრამა, არც დაპირება, არავითარი ხედვა, ნული. რა თქმა უნდა, მათ იცოდნენ ამის თაობაზე. სააკაშვილს აგვისტოში წამოცდა, რომ მათ ჰქონდათ რაღაც გარკვეული მასალები, კომპრომატები ეკლესიის წინააღმდეგ. მიზეზი იყო, რომ მომხდარიყო ერთის მხრივ უთანხმოების ჩამოვარდნა მთავრობასა და ეკლესიას შორის. აქვე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ჩვენი ღრმა პატივისცემა ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ”, – განაცხადა პრემიერმა.