ვაზიანის პოლიგონზე საარტილერიო სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა

ვაზიანის სასროლეთზე მე-5 საარტილერიო ბრიგადის „გრადლარი“-ს ბატარეის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა. გეგმიური წვრთნები სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და „გრადლარი“-ს ბატარეასთან ერთად, მასში მხარდამჭერი ელემენტების სახით 53-ე უზრუნველყოფის ბატალიონი, ჰაერსაწინააღმდეგო ასეული და საბრძოლო მხარდაჭერის ბატალიონიც იყო ჩართული.

სწავლების დასკვნით საჩვენებელ ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეებმა ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის, ტაქტიკური გადაადგილებისა და წინასწარ განსაზღვრული ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების ოპერაცია განახორციელეს.

წვრთნები ქვედანაყოფების ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედებებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მონაწილე პირადი შემადგენლობის შეფასებას მე-5 საარტილერიო ბრიგადიდან შერჩეული დამკვირვებლები აწარმოებდნენ.

Back to top button