საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით უნგრეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას თავცდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძეს უნგრელი კოლეგა კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი მასპინძლობს.
„უნგრეთის თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, თავდაცვის სფეროში მრავალმხრივ თანამშრომლობაზე, ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უნგრეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული მხარდაჭერა აღნიშნა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიასა (EUMM) და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში უნგრეთის კონტრიბუციაზე ისაუბრა. შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, არსებული მძიმე გარემო და საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეები საუბრის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა.
ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჯუანშერ ბურჭულაძე ბუდაპეშტში მდებარე ბუდას აღების მემორიალთან იმყოფებოდა, რომელიც გვირგვინით შეამკო და უნგრელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია გენერალურ შტაბსაც ესტუმრა, სადაც უნგრეთის თავდაცვის ძალების შესაძლებლობებს გაეცნო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.