ჯუანშერ ბურჭულაძე ესპანური ტანკსაწინააღმდეგო სისტემების საჩვენებელ სწავლებას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის ძალებმა შეიარაღებაში ახალი ესპანური წარმოების ტანკსაწინააღმდეგო სისტემები მიიღო. კრწანისის სასროლეთზე საჩვენებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებმა ესპანური კომპანიის მიერ წარმოებული საბრძოლო და სასწავლო დანიშნულების პროდუქცია დაათვალიერეს და ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სადემონსტრაციო სროლების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა პირადად გამოსცადა ტანკსაწინააღმდეგო სისტემა. მისი განცხადებით, აღნიშნული შეიარაღების შესყიდვა კიდევ უფრო გაზრდის თავდაცვის ძალების მობილურობას.

საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, სპეციალური ოპერაციების ძალების, აღმოსავლეთის და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეებმა ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების სპეციალური კურსი ესპანელი ინსტრუქტორების დახმარებით გაიარეს. კურსი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს, სადაც კურსდამთავრებულებმა შეისწავლეს ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება C90-ის ოჯახის ერთჯერადი და მრავალჯერადი გამოყენების სისტემები. პირადი შემადგენლობა მომზადდა ინსტრუქტორებად, რომლებიც სამომავლოდ უზრუნველყოფენ საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას თავდაცვის ძალების მასშტაბით.

ტანკსაწინააღმდეგო სისტემების წარმოებაში ესპანეთი ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა. ნატოს წევრი ქვეყნები ეფექტურად იყენებენ და უმაღლეს შეფასებას აძლევენ ესპანურ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს.

Back to top button