ბოლნისში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლაში, პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამა საჩვენებელი ელემენტებით დასრულდა. სასწავლო პროგრამა თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერებმა გაიარეს.
საპარაშუტო მომზადების კურსი ოთხკვირიან სწავლებას მოიცავდა, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ეტაპებისაგან შედგებოდა. მსმენელებმა მიწისზედა მომზადების, საფრენ აპარატში მოქმედებების, განსაკუთრებული შემთხვევების დროს პარაშუტებით ხტომისა და ჰაერში მოქმედების წესები შეისწავლეს. რეინჯერებს თეორიული და პრაქტიკული ტესტები ჩაუტარდათ, რომლის დროსაც მათ შეასრულეს ხტომები პარაშუტით, პარაშუტით და ტვირთით, ბოლოს კი – პარაშუტით, ტვირთითა და იარაღით.
რეინჯერებს პროგრამის დასრულება სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ მიულოცა და კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა. მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლა პირადი შემადგენლობისთვის ექვსი სახეობის საპარაშუტო კურსს ატარებს. სკოლა მუდმივად თანამშრომლობს ნატოს წევრი ქვეყნების ანალოგიურ დაწესებულებებთან, მათ შორის აშშ-ის, თურქეთის, პოლონეთის, რუმინეთისა და ესტონეთის საპარაშუტო მომზადების სკოლებთან.